ქვა, ნამგალი და ურო “ნაციონალური მოძრაობის” სამარკო ნიშნებია – ანრი ოხანაშვილი

“ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს “ქართულ ოცნებას” როგორ გაუსწორდნენ ქვებით 2012 წელს, ქვა, ნამგალი და ურო – ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” სამარკო ნიშნები, ასე რომ ქვები მოიკითხონ მათკენ. მათთან არის ასოცირებული და დაკავშირებული და კონკრეტული ფაქტი მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კონკრეტულად რა მოხდა, ეს უნდა გამოიკვლიოს და გაარკვიოს შესაბამისმა უწყებებმა, თუმცა, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს „ქართულ ოცნებას“ როგორ გაუსწორდნენ ქვებით 2012 წელს, ქვა, ნამგალი და ურო – ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” სამარკო ნიშნები, ასე რომ ქვები მოიკითხონ მათკენ. მათთან არის ასოცირებული და დაკავშირებული და კონკრეტული ფაქტი მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის, გახსოვთ, კარალეთში რა იკადრეს და გააკეთეს, როდესაც კახა კალაძეს და იქ მყოფ მაშინ პარტიის წევრებს და ყველა შეკრებილ ადამიანს ქვებით როგორ გაუსწორდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. ამიტომ, ეს ხელწერა მათი ხელწერაა. თუკი ვინმეს სურს ქვეყანაში მშვიდობიანად, სტაბილურად, დემოკრატიულად წარიმართოს ეს პროცესები, არის, უპირველეს ყოვლისა, “ქართული ოცნების” გუნდი. ჩვენ ვმართეთ ძალიან კრიზისული სიტუაცია ჩვენი საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ, ეს აღიარებულია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება და “ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში. სწორედ “ქართული ოცნების” არანაირ ინტერესში არ და ვერ შევა რაიმე ფორმით დაძაბულობის შექმნა.

ჩვენ არ მივცემთ არცერთ ძალას, კრიმინალურ დაჯგუფებებს განსაკუთრებით, იმის უფლებას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი უსაფრთხოება, სტაბილურობა, არჩევნების დემოკრატიული ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ამისთვის ხდება მობილიზება და ყველანაირად ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ დამკვირვებლები ჩამოვიდნენ საქართველოში და შესაბამისად, ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად გამჭვირვალე, ძალიან მაღალი დემოკრატიის სტანდარტით არჩევნების ჩატარებას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებ, გუშინ, ბოლნისში, სოფელ ნახიდურში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს თავს დაესხნენ. სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ  რამდენიმე ადამიანი ჩაიხანაში შეიჭრა და იქ მყოფებს ფიზიკურად გაუსწორდა. ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელებს შორის ერთ-ერთი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმაა.