ქველმოქმედება ჩემი ავადმყოფობაა, დაბადებიდან ვაკეთებ ამ საქმეს – ბოლქვაძე

ქართული ოცნების დეპუტატი, ანზორ ბოლქვაძე ეხმიანება საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ანგარიშის, რომლის მიხედვით, დეპუტატობის 13 წლის განმავლობაში მისმა ოჯახმა და ახლობლებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 13 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.

მისი მტკიცებით, არცერთ კომპანიასთან შეხება არ აქვს. ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ ქველმოქმედება მისი “ავადმყოფობაა”.

“თუ დავეხმარები, მე თქვენგან არ მისწავლია ეს, დაბადებიდან ვაკეთებ ამ საქმეს. ქველმოქმედება ჩემი ავადმყოფობაა… ნათესავები, რა თქმა უნდა, მყავს, უნათესაო, უჯიშო და უფესვო რომ ვყოფილიყავი, ამდენ ხანს პარლამენტის წევრი არ ვიქნებოდი. მირჩევს ხალხი და ვარ, კიდევ მოვემსახურები ჩემს ხალხსა და საზოგადოებას. 12 წელია მაგ შეკითხვას მისვამთ – არცერთ კომპანიასთან შეხება არ მაქვს, ყველა დონეზე შემიძლია დავდგე გამოძიების წინაშე”,– თქვა მან ფორმულასთან საუბრისას.