ქუთაისში ახალგაზრდა ქალის მკვლელობის ბრალდებით მოკლულის მეგობარი ქალი დააკავეს

პოლიციამ ქუთაისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა 1975 წელს დაბადებული ქალი, რომელმაც შსს–ს ინფორმაციით მიმდინარე წლის 18 ივლისს ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან – 1989 წელს დაბადებულ ქალს, ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ქალი  ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალგაზრდა ქალის ცხედარი საცხოვრებელ სახლში ორი დღის წინ  იპოვეს. მას ჭრილობები ცივი იარაღით ქონდა მიყენებული. მეზობლებს სახლიდან ხმაური და ჩხუბი დიდი ხნის განმავლობაში ესმოდათ, თუმცა პატრული არავის გამოუძახია.