ქუთაისში ცისტერნიდან ბუნებრივი აირი ჟონავდა, აალების საფრთხე აღვკვეთეთ – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ქუთაისში, მეხანძრე-მაშველებმა ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე დროულად აღკვეთეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, სიმონ გუგუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს დაატოვებინეს მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრა და შესაბამისმა ძალებმა დაიწყეს მუშაობა.

მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად იქნა შეჩერებული და აალების საფრთხე აღკვეთილი.
ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”,– აცხადებს უწყება.