ღამით მოძრაობის შეზღუდვა მტკიცე მეცნიერულ საფუძვლებს ეფუძნება – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ღამის საათებში გადაადგილების აკრძალვა მეცნიერულ საფუძვლებს ემყარება.

“მე მესმის, შეიძლება გაუთვიცნობიერებულმა მოქალაქემ შეიძლება ვერ გაიგოს, ღამე რატომ არის აუცილებელი მოძრაობის შეზღუდვა, ან სხვა წერტილოვანი შეზღუდვები, როგორიც დღეს არის მოქმედი საქართველოში, მაგრამ ეს ყველაფერი ეფუძნება ძალიან მტკიცე მეცნიერულ საფუძვლებს”,- ამბობს იმნაძე მაესტროს ეთერში.

მისი თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც საქართველოშია დაწესებული, მნიშვნელოვნად ამცირებს კორონავირუსის გავრცელების სისწრაფეს. მანვე აღნიშნა, რომ ღამით გადაადგილების აკრძალვა კონტაქტების მინიმიზებას ემსახურება.

“მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში იყო გამოქვეყნებული. იქ არის მკაფიოდ გაწერილი, რომ ის წერტილოვანი შეზღდვები, რომლებიც ახლა ჩვენთან მოქმედებს, დაწყებიდან დაახლოებით ერთ კვირაში ავადმყოფების გამრავლების სისწრაფეს ამცირებს საკმაოდ მნიშვნელოვნად, თითქმის ნახევრამდე, თუ ეს არის ორი კვირის მანძილზე, ნახევარზე მეტს. ეს ძალიან მნიშნველოვანია იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა. ღამე, რომ არის აკრძალული, ეს რა არის? ადამიანები, რომლებსაც გადაუდებელი საქმე არ აქვთ ღამის საათებში, გარდა ზოგიერთი პროფესიებისა. ეს არის უბრალოდ ადამიანებს შორის არააუცილებელი კონტაქტების მინიმიზება. ეს აზრი არის ყველა ამ შეზღუდვაში”. – ამბობს იმნაძე.

ცნობისთვის, 9 ნოემბრიდან ქვეყანაში გადაადგილების შეზღუდვა დაწესდა. მოქალაქეებს 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გარეთ გადაადგილება ეკრძალებათ.