„ღარიბაშვილის თვალების ბრიალის არავის არ ეშინია ამ ქვეყანაში, უბრალოდ დიქტატორის პაროდიაა“-გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დაბრუნება ბიძინა ივანიშვილის პირადი ტრაგედიაა და ამით დადასტურდა, რომ ივანიშვილმა საზოგადოება კიდევ ერთხელ გადააგდო, რადგან დაპირების მიუხედავად პოლიტიკიდან არ წავიდა:

“ირაკლი ღარიბაშვილი, ადამიანი, რომელსაც საკუთარი პოლიტიკური წონა არ გააჩნია, 100%–ით დამოკიდებული იქნება ივანიშვილის კეთილგანწყობაზე. თქვენ გგონიათ ღარიბაშვილი დიდხანს იქნება პრემიერ მინისტრი? მე ასე არ ვფიქრობ. ივანიშვილის ტრაგედიაა, რომ ღარიბაშვილი შემოიყვანა მეორედ თამაშში. კაცი ვერ ნახა. თვითონ თავის ინტერვიუში ილაპარაკა იმ ხარვეზებზე, რაც ღარიბაშვილის  გარემოცვას ახასიათებდა, რომ ოჯახში ვერ დაალაგა სიტუაცია და ამიტომ წავიდა, თვითონ ბიძინა ივანიშვილს აქვს ეს ნათქვამი საჯაროდ. ამის შემდეგ ამ კაცს რომ აბრუნებ პირველი პირის თანამდებობაზე თუნდაც ფორმალურად, ეს ხომ შენი ტრაგედიაა, აბა რა არის?

ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ არასდროს აღარ გაეკარება პოლიტიკას და ამის დანიშვნით კიდევ ერთხელ გადააგდო საზოგადოება. მერამდენედ გადააგდო საზოგადოება?

თვითონ ოცნებიდან ყველა მისცემს ხმას ღარიბაშვილს, რა თქმა უნდა. ეს ჯერ არის ინერცია, მაგრამ დარწმუნებული ვარ გულში ყველა ხვდება რა ელოდებათ, იმიტომ რომ ამ ისტორიის მუხლუხოებში მარტო ღარიბაშვილი კი არ მოხვდება, ისინიც მიყვებიან. და თქვენ გგონიათ ვერავინ ვერ ხვდება ამას? აქ მელიას დაცვაში კი არ არის საქმე, მელია და სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსი წყალსაც წაუღია. აქ არის პრინციპებზე ლაპარაკი.

შე დალოცვილო, რომ გეუბნებიან რომ შეიძლება ვიღაცამ დააშავა, კი ბატონო, მე სამართლებრივ დავაში არ შევალ, მაგრამ წინასწარ პატიმრობაზეა აქ ლაპარაკი, პოლიტიკური პარტიის ლიდერის წინასწარ პატიმრობაში აყვანა რომ არ შეიძლება. განიხილე არსებითად საქმე და თუ სასამართლო გამოიტანს განაჩენს დაიჭირე კაცო, წინასწარ რომ დამნაშავედ აცხადებ ისე, რომ სასამართლოს განაჩენი არ არსებობს.

არსებითად განიხილეს? ორი წელი გავიდა. იცით რატომ არ განიხილეს? ეს მეოთხე გადატრიალების საქმეა. ეს საქმეები არცერთი არ არის დახურული. ამ საქმეების დანიშნულება არ არის მართლმსაჯულების აღსრულება. ამ ტიპის საქმეების დანიშნულებაა პოლიტიკური ვაჭრობა ან პოლიტიკური პრესინგი. ოთხივე საქმე დევს თაროზე. სახელმწიფო გადატრიალების მუხლებით არის ეს საქმეები აღძრული, სასაცილოდ არავის არ ეყოფა. მაგრამ თავისი საარჩევნო დანიშნულება შეასრულა ამ საქმეებმა. პოლიტიკური შულერობა იყო ნამდვილი. ამ საქმეების დანიშნულებაც ეს არის. მელიამ იცით რატომ შეაწუხა? იმტომ რომ 9 წლიანი  კომპრომატის ნარატივი მელიაზე  ვერ ამუშავეს და ამან დაძაბა. იგივე 20 ივლისის საქმეზე რამდენიმე ადამიანია ეჭვმიტანილი? იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ მეორე მხრიდანაც იყო დანაშაული. ვინმე დაისაჯა? 19 წლის გოგოს რომ სიცოცხლე თავდაყირა დაუყენეს, ვინმე დაისაჯა? თუნდაც ადმინისტრაციულად? თუ  არ იყო ის დანაშაული, აქედან გამომდინარე ყველამ იცის რომ ეს ყველაფერი არის ფარსი. თვითონაც კარგად ესმით. ღარიბაშვილის თვალების ბრიალის არავის არ ეშინია. ამ ქვეყანაში.პაროდიაა დიქტატორის.

ღარიბაშვილმა ფაქტობრივად გაატარა ახლა წითელი ხაზი, ანუ დააფიქსირა ხელისუფლების სტერილურობა. კი ბატონო, ძალიან ძნელი საყურებელია, კუდსაც მოიქნევენ, რაღაცას იზამენ, მაგრამ არ აქვს ღარიბაშვილს არანაირი ლეგიტიმაცია. ურა პატრიოტიზმზე რამდენ ხანს შეიძლება კვებოს საზოგადოების გარკვეული ნაწილი? კი ბატონშო, ეყოლება თავისი მომხრეები, მაგრამ იმ პარლამენტში გარკვეული ნაწილი ხომ არის საღად მოაზროვნე? ვის უყურებდა დღეს და ვის უყრის კენჭს? ცოტა ხანში ვერ ხვდება რა ელოდება თვითონაც?“– ამბობს ხუხაშვილი.