ღარიბაშვილმა ფაქტობრივად გამოაცხადა, რუსეთს აქვს ვეტო, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე – კრამერი

“ღარიბაშვილმა გამოაცხადა, რუსეთს აქვს ვეტო, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე ”  – ასე აფასებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომელიც მან კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. ამის შესახებ კრამერმა “მთავარი არხის”ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვისას განაცხადა.

”მან ღარიბაშვილმა ასევე გაართულა სიტუაცია ნატოსთან იმით, რომ ფაქტობრივად გამოაცხადა, რუსეთს აქვს ვეტო თქვენს არჩევანზე, ნატოში გაწევრიანებაზე, ეს აზიანებს რასაკვირველია საქართველოს მოსახლეობის სურვილებსა და მისწრაფებებს… არ ვიცი სპეციალურად თქვა  თუ არა, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ნამდვილად იყო კონტრპროდუქტიული ნატოს სამიტის წინ და  ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების წინ, 24-ში. ქართული ოცნება იმეორებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ვნებს საქართველოს.” – ამბობს კრამერი.

ცნობისთვის ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე საუბრისას განაცხადა, რომ:“ჩვენი მოტივაციაა, რომ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს დამოკიდებულია ჩვენს სტრატეგიულ მზაობასა და მოთმინებაზე. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ ჩვენს სურვილზე არაა NATO-ში გაწევრიანება დამოკიდებული, კონსენსუსი უნდა შედგეს ალიანსის ყველა წევრ სახელმწიფოს შორის, რომ საქართველოს მიენიჭოს NATO-ს წევრობის სტატუსი. ჩვენ არ ვართ მიამიტები, გვესმის, რომ საქართველოს აქვს ტერიტორიული პრობლემები, უნდა გადავწყვიტოთ ჯერ ეს საკითხი და შემდეგ გავხდეთ NATO-ს წევრი. ეს არის ჩვენი ევროპელი და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსაზრება.”