ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, არასდროს ამიღია რუსული ფული – ირმა ინაშვილი

პრორსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა რუსთავი 2–ის ეთერში დაიფიცა, რომ რუსული ფული არ აუღია. მისი თქმით, მისი ყველა მოქმედება საქართველოს სიყვარულით არის განმსჭვალული.

“მე, ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მოქალაქე, ღვთისა და ერის წინაშე, და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, მე არასდროს ამიღია რუსული ფული. არც დავით თარხან–მოურავს აუღია რუსული ფული. მე, ირმა ინაშვილი ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ ყოველი ჩემი მოქმედება განმსჭვალულია საქართველოს სიყვარულით, თავგანწირვით საქართველოსადმი, ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით.

ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ მე ამას ვაკეთებ თბილისში, მოსკოვშიც, სოხუმშიც, ცხინვალშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება. და მე, ირმა ინაშვილი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მივმართავ ჩვენ საზოგადოებას, გამოფხიზლდით, ხალხო, ხომ ხედავთ რაც ხდება”,– ამბობს ირმა ინაშვილი.

მან გადაცემაში ასევე ისაუბრა, რომ აფხაზეთში ისე გადავიდა, რომ ФСБ–სთან შეხება არ ჰქონია. მისი მტკიცებით, მას დუმის თავმჯდომარესთან ჰქონდა მოლაპარაკება, რომელსაც ФСБ–თან არანაირი კავშირი არ აქვს.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსის ლიდერებისგან მიიღო დაპირება, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.

მანამდე “დოსიემ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიოტთა ალიანსმა წინასაარჩევნოდ 8 მილიონი დოლარი რუსეთისგან მიიღო. მედიის ინფორმაციით, პარტიას რუსეთი პირდაპირ მითითებსა და დავალებებს აძლევს, რასაც მათი გამოქვეყნებული დოკუმენტები ადასტურებს.