ღია სივრცეში პირბადის ტარება, შესაძლოა, კვლავ სავალდებულო გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს. მისივე თქმით, თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდება, მკაცრი შეზღუდვების რეკომენდაციებს დააყენებენ.

“მოშვებულია მოსახლეობა, პირბადის ტარება დახურულ სივრცეებშიც აღარ ხდება და დღეს იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ ღია სივრცეებში დაწესდეს პირბადესთან მიმართებაში რეკომენდაცია. ჩვენ იცით, ვიძლეოდით რეკომენდაციას, რომ ღია სივრცეებში, სადაც იკრიბება გარკვეული რაოდენობა ადამიანების, არის კოლექტიური შეკრებები, აუცილებელი ყოფილიყო პირბადის ტარება. დღეს ამის შესახებ გადაწყვეტილება არის, საკოორდინაციო შტაბი დაამუშავებს ამ საკითხს და ალბათ შესაბამისი ცვლილებები შევა განკარგულებაში”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 20 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.