ყველას აქვს გამოხატვის უფლება, რეაგირება არ იქნება – კალაძე ბანერებზე

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ გაკრულ “სისხლიან ბანერებზე” მერიას რეაგირება არ ექნება.

მისივე განცხადებით, ბანერები არ მოწონს, მაგრამ ასევე არ მოსწონს საარჩევნო კლიპები, რომლებიც, მისი აზრით, სიძულვილის ენას შეიცავს.

“მე, პირადად, არ მომწონს ეს და მაქვს ჩემი საარჩევნო კამპანია, საზოგადოებას ყოველთვის ვესაუბრები სამომავლო გეგმებზე. რეაგირება არაფერი არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში.

არის კომპანია ალმა, გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით? რომლის საკუთრება არის ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულაბა და არანაირი უფლება არ აქვს. რაც არის გამოკრული, მოგწონთ? ისე არ მომწონს მე და არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს.

შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ საარჩევნო კლიპები რაც არის – შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა. აი, ეს ხართ თქვენ და ძალიან სამწუხაროა. ქართული ოცნება და კახა კალაძე დგას მოწოდების სიმაღლეზე. ვერცერთ ჩემს განცხადებას ვერ ნახავთ ოპონენტის ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს, განსაკუთრებით, საარჩევნო კამპანიის დროს”. – ამბობს კალაძე.

ცნობისთვის, გუშინ თბილისის ქუჩებში სისხლიანი ბანერები გამოკიდეს, რომელზეც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან და მედიამენეჯერებთან ერთად, გახარიაც არის.