ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის – ბოკერია სააკაშვილზე

სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები მხოლოდ მასსა და ივანიშვილს შორის არის, ეს არის ერთი-ერთში ივანიშვილის პროპაგანდის გზავნილი, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი განცხადებას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობის მოპოვებას შეძლებს და პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციის შექმნა საჭირო არ გახდება.

„ამ კაცის თითქმის ყველა გამოსვლა არის საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისათვის, განსაკუთრებით მერამდენედ დაანონსება ჩამოსვლის და შემდეგ გადაგდება იმ ხალხის, ვისაც დაპირდა ამას. რაც მთავარია, ეს არის სიცრუე. არჩევანი არის იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს, ივანიშვილს შორის, რომელსაც დღევანდელი ჭაობის შენარჩუნება სურს, სააკაშვილს შორის, რომელსაც წარსულში დაბრუნება სურს და ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს შორის, რომელსაც უნდა გარდამტეხი ცვლილებები და რისი გეგმაც გვაქვს ჩვენ, „ევროპულ საქართველოს“. აი ეს არის არჩევანი, იმათ შორის, ვისაც მხოლოდ თავისი ძალაუფლება აინტერესებს და მათ შორის, ვისაც სურს რომ ქვეყანაში მოხდეს ცვლილებები და წინსვლა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენეთ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.