ყოველთვის ერთი დიდი სიის მომხრე ვიყავი, მთელი სულით და გულით მხარს დავუჭერდი – სანიკიძე

პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა და თქვა, რომ ყოველთვის ერთიანი სიისა და ფრონტის მომხრე იყო, ამიტომ მხარს დაუჭერდა.

“ყოველთვის ერთი დიდი სიის და ფრონტის მომხრე ვიყავი, როცა ვამბობთ ერთიანობას, ერთიანობა უნდა იყოს მთლიანი და არა სანახევრო. თუ საერთო საარჩევნო სია იქნება რა თქმა უნდა, მაშინ საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმებაც შესაძლებელია და ერთი დიდი ფრონტით შეიძლება ქართული ოცნების დამარცხება. აქ მთავარია, ერთიან სიაზე რამდენად მზად იქნებიან პოლიტიკური ორგანიზაციები, მე მაგალითად მთელი სულით და გულით მხარს დავუჭერდი და ხელს შევუწყობდი, რომ ერთი დიდი ოპოზიციური სია გაკეთდეს”,- განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ოპოზიციამ საარჩევნოდ ერთიანი სია უნდა შექმნას. 

ამ იდეას სკეპტიკურად შეხვდნენ ევროპული საქართველოს წევრები. სერგი კაპანაძის თქმით, ოპოზიცია მაჟორიტარული ოლქების შეთანხმებაზე აპირებს კონცენტრირებას, ამიტომ სხვა იდეას არ განიხილავენ. ის იმედოვნებს, რომ სააკაშვილს ეს განცხადება იმიტომ არ გაუკეთებია, რომ ნაცციონალური მოძრაობა მაჟორიტარების შეთანხმების პროცესს გაემიჯნოს.

სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა გიგი უგუალავაც, რომელმაც თქვა, რომ ეს იდეა არარეალიზებადია.