“ყური ავუწიო და გავუშვა?” – მოსამართლემ ბრეგაძის დაკითხვაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

“ყური ავუწიო და გავუშვა?”  – თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენეს თუმცა მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე გიორგი არევაძის თქმით, “პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, არ შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში, იყოს მოწმე”.

“მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც გარკვეულ განცხადებებს აკეთებს პრესასთან, არ შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში იყოს მოწმე… თქვენ გინდათ, რომ მე აქ მოვიყვანო იუსტიციის მინისტრი, თითი ვუქნიო, ყური ავუწიო და გავუშვა? რას მთხოვთ?”, – თქვა მოსამართლემ.

როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რატი ბრეგაძის დაბარების მიზეზი მისი საჯარო განცხადებებია, რომლებიც მისივე თქმით, “ხელს უშლის ან პირდაპირ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში”.

“იუსტიციის მინისტრი ანგარიშს არ უწევს და პატივს არ სცემს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, რადგან ბოლო 1 კვირის განმავლობაში აკეთებს ისეთი პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს, რომლებიც ხელს უშლის ან პირდაპირ ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში…იუსტიციის მინისტრი მოწვეული უნდა იქნეს სასამართლო სხდომაზე და მისცეს ჩვენება იმის თაობაზე, თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანებას ეწევა და ამ გზით უნდა სიცოცხლის დასრულება. მანვე უნდა განუმარტოს სასამართლოს, არის თუ არა მსჯავრდებულის უფლება თვითმკვლელობა და თუ ეს გარემოება ცნობილია იუსტიციის სამინისტრო სისტემისა და კლინიკა ვივამედის სამედიცინო პერსონალისათვის, მაშინ ხომ არ აქვს ადგილი თვითმკვლელობის ხელშეწყობას, ან სახეზე ხომ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა? რადგან ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მსჯავრდებულის სისტემატური დაცინვა, შეურაცხყოფა და ღირსებათა დამცირება იმ თავითვე წარმოადგენს დასახლებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშნებს. მისი სასამართლოზე მოწმეს სახით დაკითხვის მეშვეობით, უნდა გაარკვიოს სასამართლოს, თუ რა მტკიცებულებებს ეყრდნობა იუსტიციის მინისტრი, როდესაც ადვოკატებს ასეთ დანაშაულში მონაწილეობას აბრალებს”, – თქვა ხაჭაპურიძემ პროცესზე.