შარლ მიშელი თვლის, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თვლის, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს. ამის შესახებ მან ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება ჩემი აზრით ავტომატური უნდა იყოს”, – განაცხადა მიშელმა.

მან ასევე ისაუბრა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებაზე რეფორმის საჭიროებაზე.

„ვეტოს უფლების გამოყენება გამონაკლისი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს წესი გახდა. რეფორმა საჭირო და გადაუდებელია”, – აღნიშნა მიშელმა.