შარლ მიშელი საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით პირად წარმომადგენელს გზავნის

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ჟოზეპ ბორელთან შეთანხმებით საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარადჭერილ მედიაციის პროცესში მონაწილეობა და 1 მარტს, მიშელის თბილისში ვიზიტის დროს განახლებული პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად პოლიტიკური დიალოგის მედიაცია  კრისტიან დანიელსონს შესთავაზა.

ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,  რომელშიც ხაზგასმულია, რომ „ბატონი დანიელსონი იქნება შუამავალი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის განახლებულ დიალოგში და მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოში ევროკავშირის ელჩ, კარლ ჰარცელთან საქართველოში ამჟამად შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის მიზნით.“

კრისტიან დანიელსონი საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა, რათა შეხვედრა გამართოს პოლიტიკური დიალოგის პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარესთან.

“პრეზიდენტი მიშელი და უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში სრულად ჩაერთონ კოსტრუქციული სულისკვეთების დიალოგში, რათა მიაღწიონ ყველა მხარისთვის მისაღებ შედეგებს, რომლებიც დემოკრატიული, სტაბილური და რეფორმებზე ორიენტირებული საქართველოს ინტერესებშია, რათა ქვეყანამ შეძლოს მის პრო-ევროპულ გზაზე წარმატებული წინსვლა”- ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კრისტიან დანიელსონი წარსულში  შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო, 2011 წელს ევროპული კომისიის გენერალური მდივნის მოადგილედ დაინიშნა, 2013 წელს დანიელსონი გახდა გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორი, 2015 წლიდან კი სამეზობლო საკითხების და გაფართოების თაობაზე მოლაპარაკების საქმეთა გენერალური დირექტორი. ამჟამად დანიელსონი   შვედეთში    ევროკომისიის წარმომადგენლობას ხელმძღვანელობს .