შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 6 არასრულწლოვანი – ზ.ხ., აკაკი ქვრივიშვილი, ნიკოლოზ ცუცქირიძე, ლაშა შერმადინი, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამჟამად ზ.ხ.-ს გარდა ყველა სრულწლოვანია.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მაია ოშხარელმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

არაუმეტეს შვიდი დღის განმავლობაში, კიდევ ერთი სასამართლო სხდომა ჩაინიშნება, სადაც მოსამართლე სასჯელის შეფარდებაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, მისი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. პროკურატურის ვერსიით, გიორგი შაქარაშვილს 5-მა ადამიანმა სასტიკად სცემა, შემდეგ მისი ცხედარი მდინარეში გადააგდო.

შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, მათგან 11 სრულწლოვანია, 6 – არასრულწლოვანი. აქედან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გამოძიება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობასაც ედავება.