შაქარაშვილის საქმეზე ექსპერიმენტის ჩატარება იგეგმება, მონაწილეობას ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეც მიიღებს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ადვოკატის, ირმა ჭკადუას ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ექსპერიმენტის ჩატარება იგეგმება, რომელშიც მონაწილეობას მისი დაცვის ქვეშ მყოფიც მიიღებს. როგორც ირმა ჭკადუამ განაცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია, როდის ჩატარდება აღნიშნული საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუმცა ამისთვის წვიმიანი ამინდია საჭირო.

„ჩვენ საქმის კურსში არ ვართ ექსპერიმენტში მონაწილეობას ვინ მიიღებს. ალბათ, ყველა ფიგურანტს ცალ-ცალკე გაიყვანენ, კოლექტიურად ეგ არ ხდება. არ ვიცი, ზუსტად როდის ჩატარდება ექსპერიმენტი. ეს რომ ჩატარდეს უნდა წვიმდეს, რადგან მაშინ წვიმიანი ამინდი იყო“, – განაცხადა ჭკადუამ.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ