შაქარაშვილის საქმეში არსებული ერთ-ერთი მანქანა შსს-მ 2 თვის შემდეგ დალუქა

ავტომობილი “ტოიოტა ვიტსი”, რომელიც გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურირებს, მომხდარიდან მხოლოდ ორი თვის შემდეგ დალუქეს. გამოძიება ავტომანქანით ორი დღის წინ დაინტერესდა და მანქანა ისე დაილუქა, რომ არც ადვოკატები და არც ავტომობილის მეპატრონე არ გაუფრთხილებიათ. ფეხბურთელის საქმის მოწმეების ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გამოკითხვა გამოძიების დაწყებისთანავე მოხდა, აიღეს მათი დე-ენ-ემ-ის ანალიზებიც, თუმცა მანქანა სამართალდამცველებს მხოლოდ ახლა გაახსენდათ. უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ მოწმეებზე ზეწოლა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება ხდება.

ადვოკატი მურმან ღურწკაია ამბობს, რომ თუ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჰქონდათ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს, გამოძიებამ ეს თავიდანვე იცოდა.

უფლებადამცველ როსტომ კერესელიძე რამდენიმე მოწმის ერთმანეთისგან განსხვავებულ ჩვენებებზე საუბრობს.

“ვერ ვიტყვი, რომ კარნახობენ, ვის დაადონ ხელი და ა.შ., თუმცა გარკვეული მინიშნებები შეიძლება გამოკითხვის დროს არსებობდეს გამოძიების მხრიდან, რომ ამა თუ იმ პირმა მისცეს სასურველი ჩვენება”,  – თქვა მან.