შაქარაშვილის საქმეში მოწმე “ფოტოგრაფი” ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია – კუპრავა

რეფორმატორთა ცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად კუპრავას ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმის მთავარი მოწმე ე.წ. ფოტოგრაფი ერთ–ერთი ძალოვანი უწყების მოქმედი და ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრია.

კუპრავა წერს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს ფოტოგრაფს სატელეფონო კონტაქტი ჰქონდა ამ მაღალჩინოსანთან.

“მეგობრებო, ჩემი ინფორმაციით შაქარაშვილის საქმეში, მთავარი მოწმე ე.წ. ,,ფოტოგრაფი” არის ერთ-ერთი ძალოვანი უწყების მოქმედი და ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი. მომხდარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ,,ფოტოგრაფი” პირადად იყო ამ მაღალჩინოსანთან სატელეფონო კავშირზე და ახლა უკვე გასაგებია თუ რატომ იქნა მისი ფოტო აპარატიდან “წაშლილი” იმ დღის მასალა და ასევე რატომ არის მისი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი.

აქვე ვიტყვი, რომ სანამ მე გავასაჯაროვებ ამ მაღალჩინოსნის სახელს და გვარს, მოკლე დროის განმავლობაში დაველოდები, ეყოფათ თუ არა გამბედაობა ილაპარაკონ სიმართლე.

პ.ს. ასევე, გამოძიების მიერ, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ამოღებული და გასაჯაროებული იმ საბედისწერო ღამეს ფოტოგრაფის და მასთან კონტაქტზე მყოფი პირების სატელეფინო დეტალური ამონაწერი.. თუ ვისთან იყო ფოტოგრაფი სატელეფონო კავშირზე მთელი ღამისა და დღეების განმავლობაში”,– წერს ზვიად კუპრავა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქმის მთავარმა მოწმე “ფოტოგრაფმა” ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. გამომძიებელი  ფოტოგრაფის შესახებ პატაკში წერს, რომ ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მოვლენათა ნაწილის შესახებ, რომელთა უშუალო შემსწრეც გახდა, ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას.

“აქედან გამომდინარე, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მან მომხდარი ფაქტების ამსახველი ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შესაძლებელია გაანადგურა, წაშალა, რისი აღდგენაც შესაძლებელია მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების გზით. არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ შესაძლებელია, აღნიშნული კამერით დაფიქსირებულიყო საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, მომხდარი კონფლიქტი, კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, კონფლიქტში მონაწილე პირთა გადაადგილება და ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმის სწორი წარმართვისთვის”,– წერია შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ მცხეთის რაიონული სამმართველოსთვის გაგზავნილ განცხადებაში.