„ეს იყო საერთო, საყოველთაო სოლიდარობა, ჩვენ გვინდოდა გამოგვეხატა და ჩვენ ქვეყანას გამოეხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და ამ პერიოდში გვესმოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები, რომ ომი უკრაინაშია და ეს მას არ ეხება, რომ თავის საქმე აქვს და ომი უკრაინაშია, რომ უკრაინა დაისჯებოდა და ისჯებოდა, არ ვიცი, რაღაცის გამო. მახსოვს განცხადებები და თავდასხმები ევროკავშირის პარლამენტის წვერებზე, განცხადებები იმაზე, რომ ევროკავშირს უნდოდა თურმე ომი და არა რუსეთს და ევროკავშირი და ამერიკა იყო ამაში მთავარი დამნაშავე. მახსოვს განცხადებები, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა იმ სანქციებს, რაზეც მთელი ცივილიზაცია შეთანხმდა, რომ დააწესებდა – ამ ყველაფერმა რა თქმა უნდა, ჩემში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეში სირცხვილის გრძნობა გამოიწვია.

დარწმუნებული ვარ, თქვენშიც გამოიწვია სირცხვილის გრძნობა ამ განცხადებებმა იმ პერიოდში, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, შეიძლება მე უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, გამოვხატო ჩემი ემოციური მდგომარეობა…[…] ნამდვილად არ მერჩივნა, რომ ბომბი დაგვცემოდა, მაგრამ სირცხვილის გრძნობა ხშირ შემთხვევაში გაცილებით უფრო მტკივნეულია, ეს ჩემი სიტყვები არ არის, ამაზე მე-12 საუკუნეში საუბრობდა შოთა რუსთაველი და მთელი ეს პოემა დაწერილია ამ იდეოლოგიაზე, რომ დიახ, სირცხვილი არის ყველაზე მტკივნეული ადამიანისთვის და მგონი, ქართული იდენტობა სწორედ ამ ღირებულებებზე დგას და ამაზე ვსაუბრობდი. შეგიძლიათ, გააგრძელოთ და იმეოროთ, რომ სახალხო დამცველს ომი უნდა, მაგრამ ვინ გიჯერებთ, არ ვიცი“,

ასე მიმართა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.