შეეშვით წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს ხალხთან ჭიდილი არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია- დეკანოიძე ხელისუფლებას მიმართავს

მივმართავ ხელისუფლებას, შეეშვით თავების დათვლას, შეეშვით ადამიანებთან ჭიდაობას, შეეშვით წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, იმიტომ, რომ ხალხთან ჭიდილი არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია და ვერცერთი ხელისუფლება გაუმკლავდება იმას, როდესაც შენი თანამოქალაქეები ითხოვენ თავისუფლებას და შენ ამ თავისუფლების წინააღმდეგ მიდიხარ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ყველაზე გამბედავებო, საუკეთესო მოქალაქეებო, მაგრამ, რა თქმა უნდა, უფრო ბევრი ჩვენი საზოგადოების წარმომადგენელი აქ არ არის, მაგრამ მე ვარ ამაყი და თითოეული ჩვენთაგანი, რომ თქვენთან ერთად ვართ ამ ძალიან ღირსეულ და დიდ ბრძოლაში და ეს ბრძოლა არის ზუსტად ჩვენი მომავლისთვის, ქვეყნისთვის და არავინ არ აპირებს უკან დახევას. ეს უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც შესაძლოა ახლა გადაწყვიტა, რომ მე თავებს დავითვლი და ამ ქვეყანაში არჩევნებს აღარ ჩავატარებო, ამიტომ გავაგონოთ ჩვენი ხმა და ვუთხრათ, რომ აუცილებლად ჩატარდება მშვიდობიანი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ჩვენ ვინც აქ ვართ, ვართ ამაყები, რადგან ვართ სწორ მხარეს, რომელ მხარესაც უნდა ვიდგეთ ყოველდღიურად. მხარე, რომელიც არის ჩვენი სიმართლე, ჩვენი მომავალი, სინათლე და რაც მთავარია, ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ერთად ყოფნის გარეშე არაფერი არ გამოგვივა. ამიტომ ნუ ეგონება ბიძინა ივანიშვილს, რომ იგი დაარღვევს ერთიანობას, ნუ ეგონება, რომ რაღაც ბზარს შეიტანს ჩვენში ან დაგვემუქრება ან დაგვყოფს – არა, იმიტომ რომ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ, რადგან ჩვენი სამშობლო არის ერთი, ყველა ამ სამშობლოს შვილები ვართ და არ ვაპირებთ სამშობლო დავუთმოთ ბიძინა ივანიშვილს. დიახ, ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, მოუწევს ბიძინა ივანიშვილს დათმობაზე წასვლა და აქ, აი ამ მოედანზე გაიმარჯვებს ხალხი. ბევრი სირთულით, მაგრამ ეს იქნება ღირსეული გამარჯვება“, – განაცხადა დეკანოიძემ.