შევირგოთ, რასაც მივაღწიეთ, ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბოს, რომ საზოგადოება სწრაფად გადაერთო შეზღუდვებიდან სრულ თავისუფლებაზე, მაგალითად კი “ფაბრიკაში” გადაღებულ ფოტოს იშველიებს.

“ჩვენთან, საქართველოში დამთავრდა პირველი ტალღა და ამან დათვური სამსახური არ გაგვიწიოს. რაღაც ძალიან ჩქარა დამშვიდდა ჩვენი საზოგადოება და ძალიან სწრაფად გადაერთო შეზღუდვებიდან სრულ თავისუფლებაზე… ბევრი მაგალითი იყო, როცა ხალხმრავალი შეკრებები განახლდა. სურათი დაიდო Facebook-ზე, კაფე “ფაბრიკაში“ ელემენტარულად არ იყო დაცული არანაირი სოციალური დისტანცია, პირბადეები, არაფერი”,- უთხრა ცერცვაძემ პირველ არხს.

მან საზოგადოებას მოუწოდა, ზედმეტად ნუ “აიწყვეტენ”, დაიცვან სოციალური დისტანცია და ეკეთოთ ნიღაბი.

“სულ ამის ფიქრი მქონდა და ამაზე ვაფრთხილებდი საზოგადოებას, რომ არ შეიძლება რომ შევირგოთ ის, რასაც მივაღწიეთ ამ პირველი ტალღის დროს? მოდით, შევირგოთ და მეორე უკიდურესობაში ნუ გადავვარდებით. შეზღუდვების რაღაც ნაწილი თვითშეგნების ხარჯზე შევინარჩუნოთ და ზედმეტად ნუ ავიწყვეტთ. თუ აქამდე ვერიდებოდით ხალხმრავალ შეკრებებს, ახლა ყოველდღე ნუ გავმართავთ ასეთ შეკრებებს. უცებ ნუ მივატოვებთ ნიღბის ტარებას, იგივე სოციალურ დისტანცირებას და სხვა. “,- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.