შეთანხმებას მივაღწიეთ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით – ზურაბ ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ბორჯომში 7 ოპოზიციური პარტიის შეხვედრისას პარტიები ეკონომიკურ რეფორმებზე შეთანხმდნენ.

მისი განცხადებით, შეთანხმება შეეხო მთავრობის შემცირებას და სახელმწიფო ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნებასაც.

“შეთანხმებას მივაღწიეთ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით, სადაც ორი პრინციპული საკითხია. ერთი, სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების მოქალაქეებისთვის დაბრუნება და უფასოდ გადანაწილებაა, მეორე, მთავრობის ხარჯებისა და ბიუროკრატიის შემცირება, მთავრობის ზომის დაყვანა 4 წლის განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-მდე და მესამე, ეს არის კერძო საგანმანათლებლო ინსტიტუტების განთავისუფლება სახელმწიფო რეგულირებისგან, რომელიც არის განათლების ნაწილი”, – აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ საკითხებზე ოპოზიციური პარტიების მხრიდან პრინციპული შეთანხმება უკვე არსებობს, თუმცა ზოგიერთ პარტიას შიდაპარტიული კონსულტაციები სჭირდებოდათ, რისთვისაც გარკვეული დრო ითხოვეს.

“პრინციპული შეთანხმება არსებობს, რამდენიმე პარტია უკვე ამ შეხვედრის შემდეგ მზად იყო, რომ ხელი მოეწერა, მათ შორის იყო გირჩიც, თუმცა რამდენიმე პარტიას სჭირდება შიდაპარტიული კონსულტაციები და ამისთვის ითხოვეს დრო, რომ საბოლოო ჯამში რაღაც ტექსტზე შეჯერება მოხდეს”,-ამბობს ჯაფარიძე. 

ცნობისთვის, გირჩის ინიციატივით ოპოზიციურმა პარტიებმა კიდევ ერთ შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმება ეხება მართლმსაჯულების, რესტიტუციის, მთავრობის შემცირებისა და განათლების საკითხებს. ვრცლად იხილეთ ბმულზე.