შეიარაღებული დაპირისპირება აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე – არის მსხვერპლი

აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის სამინისტროების ინფორმაციით, საზღვართან, ტოვუზის რაიონში მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, არიან დაღუპულები. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, რასაც შეტაკებები მოჰყვა და ორივე მხარეს ჰყავს დანაკარგი.

“სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეში დარღვევით ტოვუზის რაიონში, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლი გახსნეს ჩვენი პოზიციებისა და საარტილერიო დანადგარის მიმართულებით. ორივე მხრიდან არის დანაკარგი”, – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, სომხეთმა მათი პოზიციების დაკავების მიზნით არტილერიით სცადეს თავდასხმა, თუმცა საპასუხო რეაქციის შემდეგ უკან დაიხიეს, შეტაკებების დროს კი აზერბაიჯანულმა მხარემ 2 სამხედრო მოსამსახური დაკარგა, ხოლო 5 სამხედრო დაშავდა.

საპირისპიროს ამბობს სომხეთის თავდაცვის სამინისტრო. მათი განცხადებით, საზღვრის დარღვევა აზერბაიჯანელმა სამხედრო მოსამსახურეებმა სცადეს. უწყების ინფორმაციით, შეტაკებებს მსხვერპლი მხოლოდ აზერბაიჯანული მხრიდან მოჰყვა, სომხეთის მხრიდან კი არავინ დაზარალებულა.