შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია – “მოქალაქეების” ინიციატივა ჩანაწერებზე

პარტია „მოქალაქეები“ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ისინი ოპოზიციას კომისიის შექმნაში დახმარებას თხოვენ, რადგან, რეგლამენტის თანახმად, 30 ხმა საკმარისია საკითხის ინიცირებისათვის, ხოლო 50 ხმა – კომისიის შექმნაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

„ჩვენ თავზარდამცემი ჩანაწერები მოვისმინეთ. გავიდა რამდენიმე დღე და არ გვაქვს პასუხი მთავარ კითხვებზე – არის თუ არა ჩანაწერები ავთენტური, იკავებდნენ თუ არა მაღალ თანამდებობას ჩანაწერებში მოსაუბრე ადამიანები ჩანაწერების გაკეთების დროს და შესაბამისად, იყენებდნენ თუ არა სახელისუფლო მექანიზმებს ადამიანებზე ზეწოლისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვებია, რაზეც წესით გამოძიებას პასუხი უნდა ჰქონდეს. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ამდენ ხანს გამოძიება დაწყებული იქნებოდა. ამის ნაცვლად, ჩვენ პოლიტიკურ ინსინუაციებს და სხვადასხვა სტუდიაში განხილვებს ვხედავთ. არის პოლიტიკური მარჩიელობა, ნაცვლად იმისა, რომ მკაფიო პასუხები გამოძიებისაგან გვქონდეს.

„პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები მივმართავთ „ქართულ ოცნებას“ და მოვუწოდებთ, რომ შეიქმნას საგამოძიებო, დროებითი კომისია. რათა დადგინდეს, ეს ჩანაწერი იყო თუ არა ავთენტური და ჩანაწერში საუბრის დროს ბატონი ჩუბინიძე და ღარიბაშვილი იკავებდნენ თუ არა თანამდებობებს. ასევე მივმართავთ ოპოზიციას, დაგვეხმარონ ამ ჩვენი ინიციატივის რეალიზებაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.