შეიძლება ითქვას, რომ მეორე ტალღაა – იმნაძე კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები, რომელთა წყარო ვერ დგინდება, შეიძლება შეფასდეს, როგორც მეორე ტალღა.

იმნაძის ინფორმაციით, 5 ახალი შემთხვევიდან 4-ის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით ვერ დადგინდა, ეპიდემიოლოგიური კვლევა კი მიმდინარეობს.

“უამრავი კონტაქტი გამოკვლეულია, ზოგი კარანტინშია, ზოგი თვითიზოლაციაში. ერთის შემთხვევაში, ალბათ, გავალთ წყაროზე, მაგრამ დანარჩენი 4 შემთხვევაზე კითხვის ნიშნებია გავალთ თუ არა ინფიცირების წყაროზე. პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, ოღონდ, პატარა მეორე ტალღა, რომელსაც, იმედი გვაქვს, რომ სწრაფი ზემოქმედებით, ყველაფრის გამოკვლევით, გავაჩერებთ” , – აცხადებს პაატა იმნაძე ფორმულასთან ინტერვიუში.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მარინა ეზუგბაიას ცნობით, მათგან 1 საკარანტინო სივრციდანაა, ხოლო 1 სამედიცინო პერსონალია. 4-ის წყარო უცნობია.

ამ დროისთვის დადასტურებულია 828 ინფიცირების შემთხვევა, მათგან 694 გამოჯანმრთელდა, 13 გარდაიცვალა.