“შეიძლება, ის უფრო ფართომასშტაბიანი იყო” – მდინარაძე სააკაშვილს ჰიტლერს ადარებს

ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე მათი პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ კლიპზე ამბობს, რომ ამით საზოგადოებამ ნაციონალური მოძრაობის “მძიმე ცოდვები“ უნდა გაიხსენოს.

ის მიხეილ სააკაშვილს ჰიტლერს ადარებს და ამტკიცებს, რომ ეს სიძულვილის ენა არ არის.

„როგორც ჩანს, გვიწევს, „ნაცმოძრაობას“ მათი წარსული შევახსენოთ, რომ ასე თამამად ვერ ისაუბრონ. მათი წარსული მძიმე ცოდვების შესახებ ქართველმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს. ეს იგივეა, ჩვენს მეგობარ ქვეყნებში ვინმემ ჰიტლერი რომ ახსენოს და თქვა, როგორ შეიძლება, ჰიტლერზე რატომ საუბრობ, ეს სიძულვილის ენააო. როდესაც ვსაუბრობთ ჰიტლერზე, ეს შეიძლება უფრო ფართომასშტაბიანი იყო, სააკაშვილთან შედარებით, მაგრამ საქართველოში ამ კაცის ჩადენილი დანაშაული არასდროს უნდა დაავიწყდეთ.

ვიდეოკოლაჟით და ყველაფრით უნდა გავახსენოთ. ასევე ხედავთ ციხესთან გამართულ აქციას, სატელევიზიო სივრცეში და სოციალურ ქსელებშიც გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც იხსენებენ ისეთ რაღაცას, რომლის შემხედვარე და მომსმენი ადამიანი, იმ მხარეს ხმას არ უნდა იღებდეს, მაგრამ ეს უკვე შუბლის ძარღვის ამბავია და ამას ვერაფერს ვუშველით“,- განაცხადა მდინარაძემ.