შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რეანომობილმა ვერც მიუსწროს – ექიმი

“შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რეანომობილმა ვერც მიუსწროს”- აცხადებს ექიმი ეკატერინე მხეიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მისი თქმით ახლა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზღვარზეა, რომელიც მოცდას აღარ ექვემდებარება.

“არ არის მიღებული პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ საჯაროდ საუბარი, მაგრამ როცა ასეთი ექსტრემალური და ძალიან, ძალიან საშიში მდგომარეობაა, ჩემს თავს მივცემ უფლებას, ვილაპარაკო.  მას ჰქონდა თანდაყოლილი დაავადებები, რომლებიც შეიძლება დაავადებად არც ჩაითვალოს, თუ ადამიანი ნორმალურად იკვებება, თანდაყოლილი პათოლოგიები, რომლებიც ნორმალურ პირობებში არ წარმოადგენს საშიშროებას. მაგრამ 26-დღიანი შიმშილობის შემდეგ ქმნის ძალიან დიდ რისკს.

ამიტომ, მე კატეგორიულად მოვუწოდებ ციხის ადმინისტრაციას, ჯანდაცვის სამინისტროს – მიიღეთ ეს, როგოც საგანგაშო გაფრთხილება, რომ ბატონი მიხეილი ასეთ მდგომარეობაში უკვე უნდა იმყოფებოდეს მეთვალყურეობის ქვეშ.  კატეგორიულად მოვითხოვ და გაფრთხილებთ – ეს ისეთი ზღვარია, რომელიც მეტ მოცდას აღარ ექვემდებარება. ეს შეიძლება ყოველ წამს მოხდეს და ამის მერე რეანომობილი რომ მოვა და მას სადღაც გადაიყვანს, გზაშიც კი შეიძლება უკუქცევადი პროცესები განვითარდეს.  გაფრთხილებთ, ეს ისეთი საშიში რისკია – გთხოვთ, ბატონი მიხეილი გადაიყვანოთ ისეთ კლინიკაში, სადაც იქნება 24-საათიანი დაკვირვების საშუალება”. – ამბობს ეკატერინე მხეიძე.