“შეიძლება უფრო აწყობდეთ ლგბტ პროპაგანდისტებს” – მდინარაძის თქმით კანონპროექტის მიღებას არ გეგმავენ

“შეიძლება უფრო აწყობდეთ ლგბტ პროპაგანდისტებს, რადიკალებს”- აცხადებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე და აღნიშნავს, რომ მმართველი გუნდი   არ აპირებს კანონპროექტის მიღებას, რომელიც “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვას ეხება.

“ქართულ ოცნებაში, ჩვენთან, არ განიხილება ასეთი კანონპროექტის მიღება, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, არ განიხილება, ამას აქვს თავისი არგუმენტები, მათ შორის მთავარი არის სამართლებრივი არგუმენტი და სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება, მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს. და მესამე, მე პირადად, და დარწმუნებული ვარ ჩვენი გუნდის ბევრ წევრს, მიგვაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომლებთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს და აქ ვიღაც შეიძლება მართალი აღმოჩნდეს ან არ აღმოჩნდეს მართალი”, – თქვა მდინარაძემ.

მდინარაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ნიშნავს “ლგბტ პროპაგანდისტები” და “ლგბტ პროპაგანდა”, რაზეც მან თქვა, რომ მცირე კომენტარით ამ თემის ამოწურვა არ შეიძლება.

“ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ ნაცმოძრაობა, მისი კლასტერი და მისი ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ თემის გამო და მინდა დაგაწყნაროთ, ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება. გავიმეორებ, სამართლებრივი მოსაზრებების გამო, იმის გამო, რომ თქვენ რადიკალური ლგბტ პროპაგანდისტები, რადიკალური ძალები ამით პირიქით, შეიძლება ისარგებლებთ და მესამე, ვფიქრობ, რომ ნებისმიერ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა”,

ცნობისთვის, გასულ წელს, ძალადობრივმა “ალტ-ინფომ” დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელშიც ნათქვამია, რომ აკრძალული უნდა იყოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას.

“ევროპელი სოციალისტების” დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ დღეს თქვა, რომ ამ თემაზე კანონპროექტის მომზადებას  გეგმავს.