შემოსავლების სამსახურმა ბათუმში რუსული სანქცირებული ნავთობით დატვირთული გემის შემოსვლა აღიარა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაადასტურა, რომ ბათუმის ნავსადგურში მართლაც შემოვიდა გემი რუსული ნავთობით:

“თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში შევიდა მიმდინარე წლის 26 ივნისს.

კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

რაც შეეხება გემზე განთავსებულ საქონელს – კანონმდებლობის სრული დაცვით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტმა ადგილზე გამოითხოვა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომლის შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ გემზე განთავსებული საქონელი წარმოადგენდა თურქეთში გასაგზავნ ტვირთს, რომელიც ამავდროულად იყო საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიიდან გამოგზავნილი ნავთობპროდუქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უარი ეთქვათ ტვირთის დაცლასა და შემდგომი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. ამ დროისთვის თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ტვირთთან ერთად ტოვებს ბათუმის ნავსადგურს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად, მომავალშიც გააგრძელებს ყველა იმ პროდუქციის მკაცრ საბაჟო კონტროლს, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ, მოხვედრილია საერთაშორისო სანქციების სიაში.” ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ხელისუფლების რეაქცია ბათუმში რუსული ნავთობის შემოსვლას მხოლოდ მას შემდეგ მოჰყვა, რაც ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში და სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, სანქცირებული რუსული ტვირთი ბათუმის პორტში თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა ტანკერმა, “ესენკამ” შემოიტანა. ის რამდენიმე დღე ბათუმის ნავთობტერმინალში იყო გაჩერებული.

სანქცირებული ტვირთის შემოსვლა დღეს დაადასტურა ეკონომიკის მინისტრმაც.

“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, ბათუმის პორტში მყოფ, რუსული სანქცირებული საწვავით დატვირთულ ტანკერს უჩა მამაცაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობენ.

“მთავარს” წყარო უყვება, რომ გემი რუსული სანქცირებული კომპანიის “როსნეფტის”, 30 000 ტონამდე ვაკუუმ გაზოილით არის დატვირთული. ჩვენი ინფორმაციით, ქართული მხარე  აპირებდა ტვირთის წარმომავლობა შეეცვალა და ევროპაში ისე გააეგზავნა.

თუმცა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გახმაურდა ხელისუფლებამ გემს ბათუმის პორტში ტვირთის დაცლის უფლება აღარ მისცა.