შემოუშვით ეს ოხრები და დახარჯონ აქ ფული, აღარ შემიძლია – ია ფარულავა

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა “ღამის კურიერის” ეთერში საქართველოს მთავრობას მიმართავს და მოუწოდებს საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ ცვლილებებზე და შეზღუდვებზე.

მისივე განცხადებით, საჭიროა შეიქმნას ისეთი კლიპები, რომლებიც საზოგადოებას ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.

ია ფარულავას განმარტებით, პატარ-პატარა საოჯახო სასტუმროებში სწორედ რომ რუსი ტურისტები შემოდიან და არა ევროპელები. ის მოუწოდებს, რომ შემოუშვან რუსი ტურისტები, რათა მათ საქართველოში დახარჯონ საკუთარი ფული.

“მინდა ვისარგებლო ეთერით და მივმართო საქართველოს მთავრობის იმ ნაწილს, ვისაც ეხება ტურიზმი. გავიგეთ კოვიდია, პანდემია გვაქვს, არ ვიცით რა ხდება, მაგრამ ხალხს სჭირდება ინფორმაცია. ჩვენ ვართ დამოკიდებული ტურიზმზე, მარტო მე არა, მაგრამ პატარა საოჯახო სასტუმროები, ჰოსტელები-მოსტელები და ა.შ. ვინც ახლა მიყურებს – ეს აინტერესებს იმიტომ, რომ ეს ბლა-ბლა-ბლა გვესმის უკვე 100 წელია, აღარ შემიძლია.

გააკეთეთ განცხადება, თუ რა ფორმით უნდა შემოვიდეს ტურისტი, გააკეთეთ კლიპები, როგორც კეთდებოდა მერია რომ გვიხსნიდა, რომ ახლა ჭავჭავაძეს ასე გადავთხრით, ისე გადავთხრით. ასეთი კლიპები გაგვიკეთეთ, გაგვაგებინეთ რა ფორმით შემოდის ტურისტი, უნდა იყოს აცრილი თუ არა, სახმელეთო გზა როდის გაიხსნება და ყველაფერი გაგვაგებინეთ იმიტომ, რომ ხალხი ზის და ტურიზმის სეზონს ელოდება.

ჩამოდის, რომ ფული დახარჯოს და შენს ეკონომიკას დაეხმაროს, გაეშვი რა. როგორ არ გინდა? უამრავი ხალხი გვიყურებს, რომლის სასტუმროებიც დაკეტილია, რეგიონებში, აქეთ-იქით, რუს ტურისტს ელოდება, შენ რა გგონია ირანელს ელოდება? რა ევროპა, როგორ გეკადრება. 75% ევროპა არის კარგ სასტუმროებში, მაგრამ პატარ-პატარებში, ხალხმა რომ იწვალა და პატარა საოჯახო სასტუმრო გააკეთა, იქ შედიან ეს რუსი ტურისტები. გახსენით ეს ოხერი გზა, შემოუშვით ეს ოხრები და დახარჯონ აქ ფული, აღარ შემიძლია,” – განაცხადა ია ფარულავამ.