შესაძლოა ელჩებმა დემარში განახორციელონ – გიგი გიგიაძე ფარულ მოსმენებზე

საქართველოს ყოფილი ელჩი დანიასა და ისლანდიაში, გიგი გიგიაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას უკანონო მიყურადების გამო დიპლომატებმა შესაძლოა დემარში გამოუცხადონ.

მისი თქმით, მთავრობას მოუწევს, ახსნას, რა მიზნით უსმენდა ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს, რომლებსაც ვენის კონვენცია იცავს.

“უცხოელი დიპლომატების, ასევე დიპლომატიური მისიების ფარული მიყურადება წარმოადგენს არსებული დიპლომატიური პრაქტიკის ძალიან უხეშ დარღვევას. აღნიშნული ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ახსნა-განმარტების გაკეთება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან.

შესაბამისი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც იყვნენ ფარული მიყურადების საგანი, მათ მიიღონ ინსტრუქციები თავიანთი ქვეყნებიდან, რომ მათ განახორციელონ ან ინდივიდუალური, ან ერთობლივი დემარში და მოითხოვენ ამის ახსნა-განმარტება, როგორ ახსნის ამას საქართველოს ხელისუფლება, რა იყო ამის მიზეზი, რომ დიპლომატები, რომელებიც დაცული არიან ვენის კონვენციით, გახდნენ ფარული მიყურადების საგანი”, – თქვა გიგი გიგიაძემ მთავარ არხთან საუბრისას.

ცნობისთვის, სავარაუდოდ სუს-დან გავრცელებული ფაილებიდან ირკვევა, რომ სუს-ი უსმენს პარტნიორი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების თანამშრომლებს.