შესაძლოა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ისანში ვაშაძეს კონკურენტი დაუყენოს

ნაციონალურმა მოძრაობამ, შესაძლოა, ისნის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის საერთო კანდიდატს, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერ გიორგი ვაშაძეს კონკურენტად მაჟორიტარი დეპუტატობის საკუთარი კანდიდატი დაუყენოს.

ენმ–ს წევრის, ხატია დეკანოიძის განმარტებით, მათ მხარდამჭერებთ აწუხებთ, რომ პარტიას ისანში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავთ, სწორედ ამიტომ, პოლიტსაბჭო კანდიდატის დაყენების საკითხს განიხილავს.

“ეს წუხილები არსებობს თვითონ ამომრჩევლებს შორის და პირველად არ ვავრცელებთ ჩვენ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას, მაგრამ რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატს, ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია…

მსჯელობის საგანი იყო [გიორგი ვაშაძისთვის კონკურენტის დაყენება], იმიტომ, რომ ამომრჩევლის მხრიდან ასეთი გულის წუხილი რომ მოდის, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ეს განვიხილოთ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ ჩამოვყალიბებულვართ”. – ამბობს ხატია დეკანოიძე ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, ენმ-ს გადაწყვეტილება თბილისის მხოლოდ და მხოლოდ ორ ოლქში იყო კანდიდატურის დაყენება იმისთვის, რომ ოპოზიციური ერთობა შენარჩუნებულიყო, თუმცა, მისივე განმარტებით, დანარჩენმა ოპოზიციურმა პარტიებმა შეთანხმება ვერ შეძლეს.

“ძალიან მოულოდნელი იყო გიორგი ვაშაძის ის ნაბიჯები, რომლებიც გადადგა ცოტა ხნით ადრე, როდესაც ის გადადგა პოლიტიკური ერთობიდან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამიტომ, ვნახოთ. ახლა მიმდინარეობს კონსულტაციები პარტიაში, ჩვენთვის უმთავრესი არის ის, რომ გვყავდეს კანდიდატები, რომლებიც გაიმარჯვებენ”. – თქვა თინა ბოკუჩავამ ფორმულასთან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ 27 ივლისს “ძალა ერთობაშია” დატოვა და თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა.