შესაძლოა 52 ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტოს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს 52 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს. კომიტეტი დასკვნას უახლოეს სესიაზე წარადგენს.

საქმე ეხება ოპოზიციონერი დეპუტატების არჩევნების შემდეგ, ბოიკოტის დროს სესიებზე არდასწრებას.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, “თუ პარლამენტის წევრი არასაპატიო მიზეზით 4 თვის განმავლობაში არ მონაწილეობდა პარლამენტის მუშაობაში, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას”.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის შეფასებით, ოპოზიციონერთა გაცდენები არასაპატიოა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება თავად პარლამენტის დისკრეციაა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტს სადეპუტატო მანდატების შეწყვეტას ითხოვდნენ, თუმცა ქართულმა ოცნებამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მანდატის შეწყვეტისთვის დღემდე იბრძვის საკონსტიტუციო სასამართლოში.