შეუძლებელია, 13 მლნ დახარჯო და გზა პირველივე წვიმაზე ჩავარდეს – აბესაძე ხიზანიშვილის ქუჩაზე

ევროპული საქართველოს წევრი, ირაკლი აბესაძე გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე გზის ჩანგრევას მერიის არაპროფესიონალიზმითა და ბიუჯეტის მფლანგველობით ხსნის.

მისი თქმით, შეუძლებელია მერიამ გზის დაგებაზე 13 მილიონი ლარი დახარჯოს და პირველივე წვიმაზე გზის საფარი ჩავარდეს.

“შეუძლებელია 13 მილიონი ლარი დახარჯო, კაპიტალური რეკონსტრუქცია მოახდინო გზის და პირველივე წვიმაზე გზის საფარი მთლიანად ჩავარდეს. არ ჰქონდეს დაგეგმილი პროფესიულ დონეზე და განხორციელებული სანიაღვრე ქსელების მოწყობა და შემდგომ ბავშვურად თავს იმართლებდე, თითქოს რაღაც განუსაზღვრელი ოდენობის ნალექი მოვიდა, კარგად ვიცით, რომ სხვა ძველი გაკეთებული გზებიც არ ჩავარდნილა. სწორედ იქ ჩავარდა, სადაც მერიამ ახლახანს დაამთავრა რეკონსტრუქცია.

ეს არის მათი მხრიდან მფლანგველობა, ბიუჯეტის ფულის მოპარვა, რა თქმა უნდა არაპროფესიონალიზმი და ამას კიდევ დასჭირდება რამდენიმე ასეული ათასი რომ გამოსწორდეს”,-აცხადებს ირაკლი აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ გლდანში, ახალრეაბილიტირებული ხიზანიშვილის ქუჩის საავტომობილო ნაწილზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულის გამო, ხიზანიშვილის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

მერიამ გზის ჩანგრევა უხვი ნალექით ახსნა.