შთამბეჭდავი რეკორდი: Mercedes-Benz Vision EQXX–მა აკუმლატორის დამუხტვის გარეშე 1000 კმ–ზე მეტი გაიარა

ახალმა ელექტრომობილმა Mercedes-Benz Vision EQXX რეალობაში დაამტკიცა მისი შთამბეჭდავი შესაძლებლობები. მან 1000 კილომეტრზე მეტი გაიარა აკუმლატორის დამუხტვის გარეშე. ამის შესახებ გერმანული ბრენდის ოფიციალური გვერდი წერს.

Mercedes-Benz Vision EQXX –ის მარშრუტი გერმანაში, ზინდელფინგერში მდებარე ქარხანაში დაიწყო და საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროზე, მარსელის სიახლოვეს ქალაქ კასიში დასრულდა. მარშრუტის სიგრძე 1008 კილომეტრი იყო.

საოცარია, რომ დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგაც აკუმლატორი ბოლომდე დამჯდარი არ იყო. მას შემდეგ მანქანით კიდევ 140 კილომეტრის გავლა გახდა შესაძლებელი, ანუ თეორიულად შეიძლება ითქვას, რომ ავტომობილის ერთი დამუხტვით თითქმის 1150 კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. ამასთან, ელექტრომობილის საშუალო სიჩქარე დისტანციის მანძილზე 90 კმ/სთ–ს შეადგენდა, ავტობანებზე კი სიჩქარეს 140 კმ/სთ–მდე უმატებდნენ.

მარშრუტი სპეციალურად შეირჩა – წვრილი, ორხაზიანი გზებით, რემონტზე დაკეტილი მონაკვეთებით და ქალაქის საცობებით. ალპების ციცაბო დაღმართებზე აქტიურად გამოიყენებოდა მუხრუჭები. ასევე თავისი წვლილი შეიტანა სახურავზე დამაგრებულმა მზის ელემენტებმა.

შეგახსენებთ, რომ მერსედესის ახალი მოდელი – Mercedes-Benz Vision EQXX გაყიდვაში 2024 წელს გამოვა. ბრენდის ყველაზე ინოვაციურს მოდელს არც ისე მოცულობითი აკუმლატორი აქვს. თუმცა დიდი მანძილის გავლის შესაძლებლობას კარგად გააზრებული აეროდინამიკის, მანქანის შედარებით მცირე წონის და მაღალეფექტური, 204 ძალიანი ელექტრომოტორის საშუალებით მიაღწიეს.