შიმშილობას არ შეწყვეტს, ვიდრე მოთხოვნა, სიცრუის დეტექტორის საშუალებით დაკითხვის თაობაზე, არ შესრულდება – ზ.ხ.-ს ადვოკატი

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იქამდე არ შეწყვეტს,ვიდრე მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებული ითხოვს, რომ სიცრუის დეტექტორის მეშვეობით გამოიკითხოს, ასევე სიცრუის დეტექტორი გაიაროს ახვლედიანმა, ამირხანაშვილმა და საქმეზე წარმოდგენილმა იმ მოწმეებმა, რომლებიც ადვოკატის თქმით, ყველა გამოკითხვის დროს ჩვენებებს ცვლიან.

ადვოკატის განმარტებით, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ზ.ხ-მ შიმშილობა სასამართლოს დღევანდელ პროცესზე გამოაცხადა.

“ასევე შუამდგომლობა დავაყენეთ იმ პროკურორის აცილების თაობაზე,რომელიც მის გამოკითხვას ესწრებოდა და მასზე ფიზიკური და სიტყვიერი ზეწოლა განხორციელდა. აქედან გამომდინარე მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ვიდრე არ დაკმაყოფილდება მისი მოთხოვნა და არ იქნება აცილებული ის პროკური, აცხადებს შიმშილობას.

დღეს სხდომაზე ბრალდების მხარემ შესავალი სიტყვა წარმოადგინა, ასევე წარმოადგინა მტკიცებულებები,რასთან მიმართებითაც ჩვენი პოზიცია უარყოფითია”,- განაცხადა გელხაურმა

პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს არ იზიარებს კიდევ ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ლ.ც.-ს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

რაც შეეხება ბრალდების მხარის პოზიციას, პროკურორ ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, დღევანდელ პოროცესზე სასამართლომ პროკურატურის მიერ დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარე მის დასაშვებობას არ ეთანხმებოდა.

მისივე განმარტებით, დღეს წარდგენილი მტკიცებულებები მოიცავს ვიდეო-მასალას,სადაც ბრალდებულების გადაადგილება და დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზებაა ასახული.

“რაც შეეხება ჩემი კოლეგის აცილების საკითხს, რაზეც სასამართლომ იმსჯელა და მიიჩნია, რომ არასრულწლოვან ზ.ხ.- ს და მისი ადვოკატის პოზიცია დაუსაბუთებელი იყო. შესაბამისად, პროკური სისხლის სამართლის საქმეზე არ იქნა აცილებული. დადასტურდა , რომ ის ქმედება,რაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მიმდინარეობს, არ არის შემხებლობაში ჩემს კოლეგასთან და ამიტომ არც აცილების საფუძველი არ იყო”, – განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.

საქმეზე შემდეგი პროცესი 20 აგვისტოს 14:00 საათზე ჩაინიშნა.