შიმშილობის გაიგივება მშრალ მარხვასთან მარხვის არსის დაკნინებაა – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს მიხეილ სააკაშვილის ზიარების შემდეგ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს აკრიტიკებს. მათი თქმით, მეუფის განცხადებამ ექსპრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ “მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია”.

საპატრიარქო ეხმიანება მეუფის კომენტარს, რომ სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა და აცხადებს, რომ საეკლესიო მარხვა სინანულის აქტია და “საერთო არაფერი აქვს უსამართლო მოპყრობის მოტივით განხორცილებულ ისეთ საპროტესტო ფორმასთან, სადაც მოშიმშილე შესაძლო მძიმე შედეგის პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს”.

“ამიტომაც, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის (მითუმეტეს, რაციონი არასამარხოცაა) გაიგივება 40 დღიან მშრალ მარხვასთან, მარხვის არსის დაკნინებაა.

ვწუხვართ, რომ მღვდელმთავრის ბოლოდროინდელმა პირადმა შეხედულებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა. საერთოდ კი მეუფე ნიკოლოზს მრავალი სათნო საქმე აქვს აღსრულებული და ყოველთვის იყო აქტიური. ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს და ეკლესიისა და ხალხისათვის არაერთ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს”,– წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

მათივე თქმით, განსაცდელში მყოფი ქრისტიანისაგან ზიარების მიღების სურვილი სწორია, ამ მიზნით პატიმართან შესვლა კი კათოლიკოს-პატრიაქის ნებართვით ხდება.

“მაგრამ აღსარება იძლევა თუ არა ზიარების შესაძლებლობას, ეს უშუალოდ სასულიერო პირის გადასაწყვეტია. ამდენად, ზიარება მის სამოძღვრო პასუხისმგებლობას წარმოადგენს”,– აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.