შოტლანდია პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ქალებისთვის უფასო ტამპონების და საფენების უფლება დააკანონა

შოტლანდიამ პირველმა მსოფლიოში ქალებისთვის უფასო მენსტრუალური ტამპონების და საფენების უფლება დააკანონა: ორშაბათს დიდი ბრიტანეთის ამ ნაწილში ძალაში შევიდა შესაბამისი კანონი.

კანონის სახელწოდებაა მენსტრუალური პერიოდის პროდუქტების აქტი (Period Products Act) და ის ადგენს, რომ ხელმოკლე ქალებისთვის უფასო ჰიგიენური საშუალებები ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა და სასწავლო დაწესებულებებმა უნდა უზრუნველყონ.

კანონი შოტლანდიის პარლამენტმა ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს მიიღო, თუმცა ძალაში ახლა შედის.

კანონში ნათქვამია, რომ ჰიგიენური საშუალებები არა მხოლოდ უფასო უნდა იყოს, არამედ ქალებს კეთილგანწყობილ გარემოში უნდა გადაეცეს, რომ მათი ღირსების გრძნობა არ შეილახოს.

კვლევების თანახმად ეს მომენტი განსაკუთრებით მწვავეა 14–21 წლის გოგოებში, რომელთათვისაც ქალის ჰიგიენის პროდუქტების ყიდვა სირცხვილთან და ფსიქოლოგიურ დისკომფორტთან არის დაკავშირებული.

კანონპროექტის ავტორი ლეიბორისტი დეპუტატი ქალი მონიკა ლენონი იყო, რომელიც 2017 წლიდან ატარებდა კამპანიას “მენსტრუალური სიღარიბის“ წინააღმდეგ. ეს არის სიტუაცია, როცა ქალებს არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ და პირადი ჰიგიენის საშუალებები შეიძინონ.

“ეს მნიშვნელოვანი ეტაპია მენსტრუაციის პერიოდში ქალის ღირსების დაცვისთვის მებრძოლებისთვის. ამჟამინდელ კრიზისულ პირობებში, როცა ცხოვრების გაძვირება სწრაფად ხდება, მენსტრუალური პერიოდის პროდუქტებზე კანონი იმედის სხივია, რომელიც აჩვენებს, რას შეუძლიათ მიაღწიონ პოლიტიკოსებმა, როცა აერთიანებენ ძალისხმევას იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ჩვენ ვემსახურებით“– თქვა მონიკა ლენონმა კანონის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით.

ჯერ კიდევ პანდემიამდე ახალგაზრუდლმა საქველმოქმედო ორგანიზაციებმა Young Scot და Hey Girls გამოკითხვა ჩაატარეს 2000 ქალის მონაწილეობით და გაარკვიეს, რომ სკოლის მოსწავლე და სტუდენტი გოგოების მეოთხედისთვის შოტლანდიაში პრობლემურია ყოველთვიურად აუცილებელი ჰიგიენური საშუალებების შეძენა.

მთლიანობაში, დიდ ბრიტანეთში ტამპონების და საფენების მაღალი ფასის გამო გოგოების დაახლოებით 10% –ს არ შეუძლია ამ პროდუქტის ყიდვა, 15%–ს უჭირს ყიდვა, 19%– კი მათ ნაცვლად სხვა საშუალებებს იყენებს, რაც მათთვის ხელმისაწვდომია.

ჯორჯი ნიკოლსონი

““მენსტრუალური სიღარიბის“ გაგება ძალიან მარტივად გადმოსაცემია: მიდიხარ სუპერმარკეტში და გიწევს აირჩიო – იყიდო ერთი კოლოფი მაკარონოი თუ ერთი შეკვრა ტამპონები“– უთხრა ბიბისის Hey Girls–ის წარმომადგენელმა ჯორჯი ნიკოლსონმა, რომლის ორგანიზაცია გოგოებს ჰიგიენური საქონლით მომარაგებაში ეხმარება და ახალ კანონს მნიშვნელოვან ნაბიჯად თვლის.

მისი აზრით, ჰიგიენური საშუალებები ქალებისთვის ისევე უფასო და ხელმისაწვდომი უნდა იყოს, როგორც ტუალეტის ქაღალდი საზოგადოებრივ ტუალეტებში.

„ხშირად გვესმის, როგორ ხდებიან დედები იძულებულნი ჰიგიენური საშუალებების გარეშე გაძლონ, რომ შვილებს საკვები არ მოაკლონ, იყენებენ წარმოუდგენელ საშუალებებს – გაზეთის ქაღალდით გატენილ წინდას ან პურს, იმიტომ რომ ეს იაფია, ვიდრე მენსტრუაციის საფენები და ტამპონები“– ამბობს ის.

შოტლანდიის სოციალური სამართლიანობის მინისტრმა, შონა რობინსონმა კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ჰიგიენურ საქონელზე უფასო წვდომა მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალების თანასწორობისა და ღირსების უზრუნველსაყოფად.

“ამაყები ვართ, რომ მსოფლიოში პირველი ნაციონალური მთავრობა ვართ, რომელმაც ეს ნაბიჯი გადადგა“– თქვა მან.