შსს მზადყოფნას გამოთქვამს, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში FBI ჩაერთოს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ მზადყოფნას გამოთქვამს.

უწყების ცნობით, ამ საკითხზე ბაჩალიაშვილის ოჯახს შეხვედრა შესთავაზეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა დღეს ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს. მათ საქმეში FBI–ს ჩართვა მოითხოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.