შსს-მ თბილისში ორი კოვიდინფიცირებული ტაქსისტი დააჯარიმა

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი – 1988 წელს დაბადებული გ.ფ. და 1975 წელს დაბადებული ზ.ს. თბილისში იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

“გ.ფ. კოვიდაღრიცხვაზე 2021 წლის 5 იანვრიდან იმყოფება, ზ.ს. კი – 13 იანვრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა კოვიდინფიცირებულმა პირებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.
სამართალდამცველებმა კორონავირუსით დაინფიცირებული გ.ფ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი თბილისში, წერონისის ქუჩაზე, ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდაღრიცხვაზე მყოფ ზ.ს.-ს, იგი სავაჭრო ცენტრი „ქარვასლას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ტაქსის ტრაფარეტიანი ავტომობილით გადაადგილებისას დაჯარიმდა”,– აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, ორივე კოვიდინფიცირებული ტაქსის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, 2000-2000 ლარით დააჯარიმა. ისინი დაჯარიმების შემდეგ კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.