შსს-ს დააკავა პირი, რომელმაც გლდანში ნათესავს რამდენჯერმე ესროლა

შსს–ს განცხადებით, გუშინ, გლდანში მომხდარი სროლის გამო ორი ადამიანი დააკავეს.

დააკვებულია 1983 წელს დაბადებული ზ.მ. და 1978 წელს დაბადებული ი.ნ. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.მ.-მ თბილისში, გლდანში, შეშელიძის ქუჩაზე, მეგობართან – ბრალდებულ ი.ნ.-სთან ერთად, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, თავისი ნათესავის – 1984 წელს დაბადებული ი.მ.-ის და მისი მეგობრის – 1985 წელს დაბადებული ვ.ა.-ს მიმართულებით იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლისას დაზიანდა ი.მ-ის კუთვნილი ავტომობილი. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა პოლიციამ ორივე პირი მომხდარიდან მალევე, რამდენიმე საათში, თბილისში დააკავა”,– აცხადებს შსს.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.