შშმ მოზარდის ცემის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს პატიმრობა შეეფარდათ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 17 წლის მოზარდზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ პოლიციელებს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

დაცვის მხარე პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს დაკისრებას ითხოვდა, ბრალდების მხარე კი პატიმრობას.

მოსამართლემ პროკურორ ალექსანდრე ჩხეიძის მიერ დაყენებული პატიმრობის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესზე მან განაცხადა, რომ მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს. წინასასამრთლო სხდომა 15 მარტს ჩაინიშნა.

ცნობისთვის, პატრულ-ინსპექტორ ნუკრი ბაქრაძეს ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პატრულ-ინსპექტორს კახა ბაკაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.