ჩამოვლენ, იპრონწკავებენ შარდენზე, მგონი არ მისულან უბანზე – ელისაშვილი დამკვირვებლებზე

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი უცხოეულ დამკვირვებლებზე ამბობს, რომ ისინი “ვისკის სმისთვის” ჩამოდიან საქართველოში. ელისაშვილი მათ დახმარებას სთხოვს.

“ის უცხოელებიც კაცო, ვისკის სმისთვის რომ არიან აქ ჩამოსულები, კეთილი ინებონ, დასხდნენ ახლა და მაგათმაც მოითხოვონ გადასვლა. ჩამოვლენ, იპრონწკავებენ შარდენზე, დაწერენ იქ რაღაცას, ხო ეს იყო… არცერთი არ მისულა მგონი საარჩევნო უბანზე და ტელევიზორში უყურებდნენ, რა ხდებოდა. კეთილი ინებონ იმათაც და დაგვეხმარონ, სანამ მართლა რუსეთმა გადაგვყლაპა და შეგვჭამა და პარლამენტის მაგივრად მივიღეთ საბჭოთა საქართველოს უზენაესი საბჭო. ეს თუ არ გვინდა, მაშინ ისინიც დაგვეხმარონ”,– თქვა ელისაშვილმა ფორმულას ეთერში.

მისი თქმით, ბიულეტენები გამჭვირვალოდ ხელახლა უნდა გადაითვალონ და ამაში მონაწილეობა უცხოელმა დამკვირვებლებმაც უნდა მიიღონ.

ეუთო/ოდირის შეფასებით, საპარლამენტო არჩევნებზე საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო, თუმცა წაშლილი იყო ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის. საპარლამენტო არჩევნებზე ანგარიში დღეს NDI–მაც გამოაქვეყნა.