ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა იქნება ერთ-ერთ ობლასტში განათხოვრებული – რიჟვაძე ვარშალომიძეზე

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა მოქალაქეებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას არ აპირებს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ “ვერავინ შეძლებს მოქალაქის ხმის მიცემის უფლების დაზიანებას”.

“ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედება გახლავთ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. ეს მხოლოდ სამართლებრივ ფორმალურ ჭრილში თუ ვიმსჯელებთ, პოლიტიკურად ეს არის აბსოლუტურად უღირსი, უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ, რომ ეს დერეფანი არ დარჩეს ვიწრო და, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მოწოდება ძალადობისკენ, ნებისმიერი მცდელობა, რომ კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს სიტუაცია რეგიონში იქნება შესაბამისად პრევენციულ რეაგირებას დაქვემდებარებული”, — განაცხადა რიჟვაძემ.

რიჟვაძემ „ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა“ უწოდა აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან ვარშალომიძეს.

„ყველას გავახსენებ, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში, ნაცმოძრაობის ე.წ. ლიდერები მათი ჩვეული ხელწერით, აგრძელებენ ქალებს, ბავშვებს ამოფარებული, პოლიტიკურ დესტრუქციას. ძალიან მალეა ის დრო, როცა მათი უკვე ჩამქრალი ვარსკვლავბიჭუნა იქნება ერთ-ერთ ობლასტში სააკაშვილის მხრიდან განათხოვრებული, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე რეგიონში“,– ამბობს რიჟვაძე.