ჩანგელიების ოჯახს 14 დეკემბერს ზუგდიდში ბინა გადავეცით – დევნილთა სააგენტო

დევნილთა სააგენტოს განცხადებით, აფრიკაში მცხოვრებ ჩანგელიების ოჯახს 14 დეკემბერს ზუგდიდში ბინა გადასცეს.

“დევნილთა სააგენტომ, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩანგელიების 5-სულიან ოჯახს, ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა.

დევნილ ოჯახს, მიღებული ჰქონდა ადმინისტრაციული დაპირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო, პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფდა საცხოვრებლით.

ჩანგელიების დევნილი ოჯახი დამისამართებულია ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, შესაბამისად, ბინა, მათივე თანხმობის საფუძველზე, ქალაქ ზუგდიდში მიიღეს, რაც მშობლების ხელმოწერითაც დასტურდება.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად 2020 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა, ხოლო 14 დეკემბერს ჩანგელიების ოჯახს, სხვა დევნილ ოჯახებთან ერთად ბინა გადავეცით.

ზუგდიდში, სამოთახიანი ბინა გადაეცათ მშობლებსა და 3 შვილს, მათ შორის 8 წლის ბიჭს, რომლის ფოტოთიც ბოლო რამდენიმე დღეა მანიპულირებენ. რაც შეეხება ბებიას, მას სახელმწიფოს მხრიდან თბილისში, სამგორის ქუჩაზე, 33 კვ.მ საცხოვრებელი ფართი აქვს დაკანონებული”,- აცხადებს დევნილთა სააგენტო.

ცნობისთვის, ჩანგელიების ოჯახს აფრიკის დასახლებაში სახლის დემონტაჟის ვადა ამოეწურათ. ისინი ბინის დამგრევას დღე-დღეზე ელოდებიან.