ჩემი აზრით, ოპოზიცია დღეს ყველაზე სუსტია და ეს შეიძლება გასახარიც არ იყოს – მდინარაძე

უმრავლესობის ერთერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია დღეს ყველაზე სუსტია.

“არაფერ ერთიანობასთან საქმე არ გვაქვს. ჩემი აზრით, ოპოზიცია დღეს ყველაზე სუსტია და ეს შეიძლება გასახარიც არ იყოს. ძლიერი ოპოზიცია ზოგადად ქვეყანას აძლიერებს და სასურველია, რომ 2020 წლის შემდეგ, როდესაც ქართული ოცნება ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, ოპოზიციის ისეთი სპექტრი ვნახოთ, რომელიც რეალურად საქმეზე ილაპარაკებს და არა დესტრუქციისკენ იქნებიან მიმართულები”,- ამბობს მდინარაძე. 

მისი თქმით, ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რომ ქვეყანას გამართული სისტემა აქვს, სიმართლე კი ქართული ოცნების მხარესაა.

“გარდა იმისა, რომ გამოჩნდა ქართული ოცნება რას აკეთებს, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როგორ გამოჩნდა ყველაფერი კარგად, თურმე რამდენად გამართული სისტემა ჰქონია ჩვენს ქვეყანას და რამდენად შეგვძლებია, მათ შორის, კრიზისის მართვა და რამდენად გამართულად მუშაობენ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, ამის გარდა, ხალხმა დაინახა, რომ სიმართლესა და ტყუილს შორის, ბუნებრივია სიმართლე ერთ მხარესაა და ეს სიმართლე ჩვენ, ქართული ოცნების მხარესაა. ამიტომ, ოპოზიციის მოჩვენებითი ერთიანობა, ბუნებრივია, ვერაფერს მიაღწევს…”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.