ჩვენი ამომრჩევლის შეურაცხყოფას ვერ მოვითმენთ, ზურა ჯაფარიძემ მოიხადოს ბოდიში – სამადაშვილი

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, სალომე სამადაშვილი “გირჩის” ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს მოუწოდებს, ბოდიში მოიხადოს. სამადაშვილი ფიქრობს, რომ ჯაფარიძემ ენმ-ს ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა.

“არსებობს წითელი ხაზი და ეს ჩვენი ამომრჩეველია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არაა მიხეილ სააკაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია ან სხვა რომელიმე ლიდერი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არის ის ასობით ათასი ადამიანი, რომელიც წლებია მხარს გვიჭრს. ამ ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ჩვენ ვერ მოვითმენთ.

ამიტომ, მინდა მივმართო „გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც დიდუბე-ჩუღურეთში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატია – მან თქვა, რომ მისთვის საინტერესო არაა, რას ფიქრობენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები, არც მათი ხმა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო შეცდომა და, ჩვენი აზრით, უპრიანი იქნება თუ ჯაფარიძე მიმართავს ჩვენს ამომრჩეველს და განმარტავს თავის პოზიციას. მოიხადოს ბოდიში,“ – თქვა სამადაშვილმა.

23 სექტემბერს, ტვ პირველზე დებატებისას სამადაშვილმა ჯაფარიძეს უთხრა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში ენმ-ს მხარდაჭერა გირჩის ლიდერისთვის “საჩუქარია”, ამიტომ მან მადლობა უნდა გადაიხადოს, რაზეც ჯაფარიძემ უპასუხა, რომ “ტყუილად ჰგონია, რომ საჩუქარია”. ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამ ქვეყანაში არიან გირჩის მხარდამჭერები, რომლებმაც სხვა ოლქებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი.

გირჩის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილის კრიტიკისას ასევე განაცხადა, რომ სიმართლის თქმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის ხმები, სამადაშვილმა კი უპასუხა, რომ ეს “პოლიტიკოსისთვის უცნაურია”. სალომე სამადაშვილის შეფასებით, ამ განცხადებით ზურაბ ჯაფარიძემ მათ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა.