12 წლის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო აღიარებულია 2008 წლის ომის მსხვერპლად – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველო სამართლებრივად გამართლდა.

“ძალიან სიმბოლურია, რომ სწორედ დღეს, როდესაც მე ბრიუსელში მაღალი დონის შეხვედრებს ვმართავ, სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. შემთხვევით არაფერი ხდება – საქართველოს ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის შემდეგ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წლის შემდეგ საქართველო სამართლებრივად გამართლდა.

ჩვენი სახელმწიფო აღიარებულია 2008 წლის ომის მსხვერპლად, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის, ისტორიისა და მომავლისთვის. ეს არის ის საყრდენი, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი გაერთიანება. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროსა და თეა წულუკიანს. ამ გამარჯვებაში მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით”,– აცხადებს ზურაბიშვილი.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია: სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.