ჩვენ არ გვჭირდება გამარჯვება წკიპზე, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ნაღდი – კახიშვილი

ქართული ოცნების ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახი კახიშვილის აზრით, ოცნების ხელისუფლება ადამიანების ღირსებას არ შეხებია.

“თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვინმე ფიქრობს – რაღაც ბოლომდე ვერ გააკეთა, ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელიც არ შეხებია ადამიანის ღირსებას. ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელმაც იზრუნა ადამიანის ჯანმრთელობაზე და საყიდელი აღარ არის ადამიანის სიცოცხლე და ყოველ შემთხვევაში, ახლობელს ხელს აღარ აწერინებენ ადამიანის სიკვდილზე, როგორც წლების განმავლობაში ხდებოდა. ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელმაც პატივი და ღირსება შეუნარჩუნა ყველა ადამიანს. ჩვენი ხელისუფლება ის ხელისუფლებაა, რომელიც ბიუჯეტს არ ავსებს საპროცესო შეთანხმებებით”,- თქვა კახიშვილმა.

მან საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდა, არჩევნებზე მივიდნენ, რადგან ქართულ ოცნებას “წკიპზე” გამარჯვება არ სჭირდება.

“მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველგვარი ანგარების გარეშე იდგნენ ჩემს გვერდზე და რეალურად ცდილობდნენ და ცდილობენ, რომ ჩვენი გამარჯვება ხვალ იყოს 100 %-იანი. ჩვენ არ გვჭირდება გამარჯვება წკიპზე, ჩვენ გვჭირდება გამარჯვება ნაღდი, რომელიც თავად ოპონენტებსაც დაარწმუნებს იმაში, რომ მათ სამართლიან ბრძოლაში წააგეს ხვალინდელი არჩევნები”,- თქვა კახი კახიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება.